რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 3 500 ფრთოსანი რაკეტა იქნა გამოყენებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამართა შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ფრონტის წინა ხაზზე და სხვადასხვა ქალაქში არსებული მდგომარეობა, ასევე მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დაასრულეს ხარკოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლის გაწმენდითი სამუშაოები. მისი თქმით, ამ ერთმა დარტყმამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასეთი დარტყმები უკვე 180 დღეა არ წყდება. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე მსჯელობენ, უკრაინელებს კი მთელ მსოფლიოში მოუწოდა, გაავრცელონ სიმართლე რუსეთის დანაშაულების შესახებ.