„უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „როიტერთან“ ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა გზები, რომლითაც მოკავშირეებს შეუძლიათ, უფრო უშუალო დახმარება გაუწიონ უკრაინას, მათ შორის, გარკვეულ გარემოებებში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოშვებული რაკეტების ჩამოგდებით. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კიევი აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გამოიყენონ თავიანთი იარაღი რუსულ სამხედრო ტექნიკაზე დასარტყმელად და შემდგომში რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით დადებითი ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ამჟამად ბრძოლის ველზე ვითარება ძალიან რთულია, თუმცა კონტროლირებადი.