ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე მიღებული გადაწყვეტილება შეფასების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. უკრაინის პრეზიდენტმა იგორ დოლგოვთან ერთად, საკუთარი წარმომადგენელი გამოიწვია მაროკოდანაც. მისი განცხადებით, მიზეზი სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხებზე შედეგის ვერმიღწევაა. უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა, თუმცა ტაძარი მან კომენტარის გარეშე დატოვა.
ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა დიპლომატიური ფრონტი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ერთ-ერთ მთავარ ფრონტად მოიხსენია, მისი თქმით, საქართველოდან და მაროკოდან ელჩები იმ მიზეზით გაიწვია, რომ მათ ვერ შეძლეს შედეგის მიღწევა სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხებზე. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში შედეგებს ელის სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მყოფი უკრაინის წარმომადგენლებისგან.