ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე ჩასვლამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვია, სადაც სამეფოს ტახტის მემკვიდრეს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთის პრინცი უკრაინაში მიიწვია.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა საუდის არაბეთის როლი, რომელიც ამ სახელმწიფომ უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში შეიტანა. მოგვიანებით, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ზელენსკის ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
ამასთან, საუდის არაბეთში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი არაბული სახელმწიფოების ლიგის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილე ლიდერებს მოუწოდა, რუსული გავლენის მიუხედავად, უკრაინელებს დაეხმარონ.
აღსანიშნავია, რომ 12-წლიანი იზოლაციის შემდეგ პირველად, არაბული სახელმწიფოების ლიდერების სამიტს ასევე ესწრებოდა სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი.