რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვით, უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოხალისეებისა და დონბასში მებრძოლების სამართლებრივი სტატუსი რუსეთის ფედერაციის სამხედროების სტატუსს უნდა გაუთანაბრდეს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 000 რეზერვისტი იქნება გაწვეული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მობილიზაციის ბრძანება რუსეთში პირველად გაიცა – ბოლოს კრემლმა მობილიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროს გამოაცხადა. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღდეგ ომში ცოცხალი ძალა აღარ ჰყოფნის.