„ვნახოთ, როგორ განხორციელდება და რით დამთავრდება უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაცია,“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. პუტინმა უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნად „დონბასის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება“ დაასახელა. მან ასევე შექმნილ ენერგოკრიზისზეც ისაუბრა, პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა და ევროკავშირს გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ სანქციებისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისიდან უკრაინა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებს, რის შედეგადაც რუსული ოკუპაციისგან უკრაინის ტერიტორიის რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი და ათობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, მათ შორისაა ქალაქი იზიუმი.