ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ენერგოქსელიდან გაითიშა. ეს ნიშნავს, რომ ბირთვული ობიექტის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას აღარ მიეწოდება. უკრაინის ხელისუფლება ავარიის შემთხვევაში ევაკუაციის გეგმის განხილვას იწყებს. სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე ინტენსიური იერიშების გამო უსაფრთხოების და ბირთვული კატასტროფის რისკები გაზრდილია. ახლა ყველა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ობიექტზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის დაწყებას ელოდება, რაზეც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისგან თანხმობა უკვე არსებობს. ავარიის შემთხვევაში მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების გათვალისწინებით ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია მსოფლიო ლიდერების მთავარი მოთხოვნაა, თუმცა რუსეთი ამ მოწოდების იგნორირებას ახდენს. ზაპოროჟიეს გარდა მუდმივი დარტყმების სამიზნედ რჩება ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონები. ბოლო მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის სარკინიგზო სადგურის დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა.