უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას რუსეთის ძალები უშედეგოდ ცდილობენ. ქალაქში სიტუაცია რთულია, ვრცელდება ცნობები ქუჩებში მიმდინარე ბრძოლების შესახებ. მოქალაქეთა ნაწილი საცხოვრებელ სახლებს ტოვებს. ამასთან ერთად, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში ამბობენ, რუსი ოკუპანტები შეტევითი მოქმედებების წარმოებას ცდილობენ კუპიანსკის, ლიმანის და ავდეევკის მიმართულებებით. ბოლო 24 საათში, უკრაინელმა სამხედროებმა საერთო ჯამში 130 შეტევის მოგერიება შეძლეს. ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 6 სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა მიიტანა, ასევე 65-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. თავის მხრივ უკრაინის ავიაციამ 18 დარტყმა განახორციელა მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების ადგილებზე.