ვითარება უკრაინაში - ომის 198-ე დღე

რუსეთთან ომის 198-ე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ზელენსკიმ „ტელეგრამში“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედრო მას ატყობინებს, რომ ბალაკლეას უკვე უკრაინელები აკონტროლებენ. როგორც სოციალურ ქსელებში იუწყებიან, უკრაინელთა შეტევა ხარკოვთან, იზიუმის მიმართულებით და სამხრეთში, ხერსონის მიმართულებით გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან 50 კილომეტრით წაიწიეს წინ. ფრონტის სხვა მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს არ წყვეტს. ღამით დაიბომბა ხარკოვი. ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა. რუსეთმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა სუმის მიმართულებითაც. მსხვერპლი არ არის. რუსეთის არმიამ დაბომბა ნიკოპოლის რაიონი, ასევე კრივოი როგი, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რაკეტის განადგურება უკრაინის ანტისარაკეტო სისტემამ შეძლო.