ვითარება უკრაინაში

უკრაინის ქალაქ ხერსონში რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთმა ცეცხლი ხერსონის ოლქის ათზე მეტი დასახლების მიმართულებით გახსნა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის არმიის სამიზნე გახდა საცხოვრებელი უბნები. დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. ასევე ადმინისტრაციული შენობები, რესტორნები და მაღაზიები. კიევის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 13 დრონი გაუშვა და ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. რუსეთის სამიზნე იყო კრივოგრადის, ხარკოვის, სუმის და პოლტავის ოლქები. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ 13-ვე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს. მანამდე რუსეთმა შეტევა მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადსა და ნიკოპოლზე. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა დაიკავეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ჩიგარი. ამასთან, დღეს დილიდან უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად რუსეთის ვორონეჟის ოლქში ხანძარი გაჩნდა საბრძოლო მასალის საწყობში, რის გამოც დასახლებული პუნქტიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.