ვითარება უკრაინაში

ღამის განმავლობაში რუსეთი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს უკრაინის რამდენიმე რეგიონს. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქების ხმა ჯერ მიკოლაევში, შემდეგ კი ოდესაში გაისმა. მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ არის. ქალაქის მერმა ხანძარს საკმარისად სერიოზული უწოდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის რეგიონზეც, რა დროსაც დაიღუპა ორი და დაშავდა 10 ადამიანი, დაზიანდა სახლები, ელექტროქსელები და ტექნიკა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეჩერდა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების ნაწილი არ შესრულდა, რის გამოც, შეთანხმება შეჩერებულია.