რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინევკას ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი. დაშავდა 8. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, სამიზნე გახდა ქალაქის ცენტრალური ნაწილიც. დაზიანდა 16 მრავალსართულიანი, 8 კერძო სახლი, სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება და საგადასახადო სამსახურის შენობა. ამასთან ერთად, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დღეს დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, დაზიანდა სარკინიგზო დეპო. დაშავდა ერთი ადგილობრივი მცხოვრები. თავის მხრივ, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში რუსეთის არმიის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. როგორც კიევში ამბობენ, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა კვლავაც ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკის დაკავებისკენაა მიმართული. რუსმა ოკუპანტებმა ასევე შეზღუდული ხასიათის შეტევა მიიტანეს კრემენაია-სვატოვოს მიმართულებითაც. როგორც ომის შემსწავლელ ინსტიტუტში აცხადებენ, რუსეთის არმიამ დასახული მიზნის მიღწევა და ზამთრის ბოლომდე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად ოკუპაციას ვერ შეძლო. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ამჯერად გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის საკითხზე ისაუბრა.