ვითარება უკრაინაში

გასული ღამის განმავლობაში სუმის ოლქი დაიბომბა. რუსულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან 160-ზე მეტჯერ გახსნეს ცეცხლი. სამიზნე კრასნოპოლისა და შალიგინის ოლქები გახდა. დაიბომბა მარგანეციც, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 4 ქალი და 1 მამაკაცი. დაზიანებულია 7 მრავალსართულიანი და 4 კერძო სახლი. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის განცხადებით, ბახმუტის გარშემო ვითარება კვლავ რთულია, მოწინააღმდეგე ქალაქის ალყაში მოქცევას და წინსვლას ცდილობს, თუმცა წარუმატებლად.

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის პარტნიორებს, რომლებმაც რამშტაინის ფორმატში, უკრაინის საკითხზე რიგით მე-10 შეხვედრა გამართეს. შედეგად, უკრაინა მეტ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს მიიღებს. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა პარტნიორებს გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ასევე სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობები აღკვეთონ.