ვითარება უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი წარმატებულ ოპერაციაზე საუბრობს და ადასტურებს, რომ უკრაინული ძალების წინსვლა გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია ასევე ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი. ინფორმაციას სპეციალური ოპერაციის ძალები „აზოვ ხარკოვი“ ავრცელებს. ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ გათავისუფლებულ სოფელში, უკრაინელმა სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები აღმოაჩინეს, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. უკრაინელი სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქი სვიატოგორსკი, თუმცა, ინფორმაციას არ ადასტურებენ ოკუპირებულ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. სეპარატისტული რეჟიმის მტკიცებით, ისინი ქალაქის ნაწილს აკონტროლებენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით კი, 6-11 სექტემბრის პერიოდში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კუთვნილი, 670 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.