დავით არახამია კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ე.წ. უძლეველობის პუნქტების მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ არახამიამ „ტელეგრამში“ დაწერა. მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ კიევში მოწყობილ სპეციალურ პუნქტებში, სადაც მოქალაქეებს გათბობის, ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვისა და სხვა სერვისების მიღება უნდა შეეძლოთ, შემოწმება ჩატარდება.
უკრაინის დედაქალაქში ე.წ. უძლეველობის პუნქტები რუსეთის სარაკეტო დარტყმების შემდეგ გაიხსნა. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მოქალაქეების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ დედაქალაქში აღნიშნული პუნქტები არასათანადოდ მუშაობს. ამის გამო, კიევის მერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უსაყვედურა და ვითარების გამოსწორებისკენ მოუწოდა.