რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩისლავ გლადკოვი აცხადებს, რომ რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება. მისი ცნობით, ძალოვანი სტრუქტურები გრაივორონსკის რაიონის „წმენდას“ ახორციელებენ. გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში დაბრუნებისგან თავი შეიკავონ. უკრანასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული რეჟიმი მოქმედებს. გუბერნატორის განცხადებით, ტერიტორიაზე „დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“ შევიდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ წუხელ ქალაქ ბელგოროდში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეფ-ეს-ბეს შენობებზე დარტყმები განხორციელდა. გუშინ რუსულ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დივერსიულმა ჯგუფებმა რაიონის პოლიციის განყოფილება დაიკავეს და რუსული პოლიციის ფორმებითა და მანქანებით ქალაქ ბელგოროდისკენ გადაადგილდებიან. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმის შედეგად რვა ადამიანია დაშავებული. უკრაინა შექმნილ სიტუაციასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.