ვერაზე მკვლელობის მოტივად, ამ ეტაპზე, შურისძიება სახელდება

თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობის მოტივად, გამოძიების ამ ეტაპზე, შურისძიება სახელდება, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ტატიშვილის #26-ში 61 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, გამთენიისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ჭრილობა მას თავის არეში აქვს მიყენებული.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი წარსულში მრავალჯერ იყო ნასამართლევი. მეზობლების ცნობით, გოგი რატიანი, იგივე გოგი ხატოევი, სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი ცხედარი ნათესავმა იპოვა.

ტატიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები, თუმცა ტერიტორია მათ უკომენტაროდ დატოვეს.

ჟურნალისტებთან დამატებითი განცხადება არც საქმის პროკურორს გაუკეთებია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით მიმდინარეობს. ტატიშვილის #26-თან სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.