უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშები გრძელდება

უკრაინულ ქალაქებზე  რუსეთის სარაკეტო იერიშები გრძელდება. კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. სარაკეტო დარტყმების სამიზნე საცხოვრებელი შენობები, სკოლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. ერთი დღით ადრე, კრამატორსკში დაბომბვას 21 ადამიანი ემსხვერპლა. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა მიკოლაევი, არიან დაშავებულები. დაიბომბა უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქი დნიპროც. ქალაქის მერის თქმით, ცეცხლი გაუხსნეს როგორც ქალაქის ცენტრს, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურასაც. საოკუპაციო ძალების შეტევას დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდეევკაში 10 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები  კვლავ  განაგრძობენ „აზოვსტალის“ შტურმს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში, ქარხნიდან ჰუმანიტარული დერეფნები იმუშავებს, თუმცა უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.  ქარხნის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან როგორც უკრაინელი მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები.