უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოდესის პორტზე განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე გუშინ გაფორმებულ შეთანხმებას, კითხვის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქზე“ წერს.
„რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში, მის მიერ მიცემული დაპირებები. რუსული რაკეტა – ეს არის ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გაწიეს შეთანხმების მისაღწევად და რისთვისაც უკრაინა მადლიერია“, – აღნიშნა ნიკოლენკომ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-სა და თურქეთს მოუწოდებს, უზრუნველყონ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ოდესის პორტის დაბომბვას გმობს გაერო-ს გენერალური მდივანი.