უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კომუნიკაციის დროს დასავლელი მოკავშირეები უკრაინას არ უბიძგებენ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისა და ომის გაყინვისკენ. ამის შესახებ კულებამ ესპანურ გამოცემასთან განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი მოკავშირეებთან ომის გაყინვის შესახებ, კულებამ განაცხადა, რომ ეს თემა განხილული არ ყოფილა. „ჩვენს მოკავშირეებს არ უთხოვიათ ჩვენთვის რუსეთთან ომის გაყინვის შესახებ მოლაპარაკება, არც მაშინ, როდესაც დელეგაციებთან ვისხედით, არც დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე. ეს არ არის ის თემა, რომლის წამოწევასაც შეძლებს ვინმე მოლაპარაკებების მაგიდასთან, როგორც ვარიანტის“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინის პირველმა დიპლომატმა ასევე იმ იდეის მომხრეებს უპასუხა, რომლებიც აცხადებენ, რომ გაყინული კონფლიქტი უკრაინის ინტერესებშია. „ისინი, რომლებიც გვთავაზობენ კონფლიქტის გაყინვას და ამტკიცებენ, რომ უკრაინისა და მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, რეალურად პუტინს ეხმარებიან და აიგნორებენ იმას, თუ რა არის რუსეთი დღეს“.
2014 წლიდან 2022 წლამდე ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებების თითქმის 200 რაუნდი ჩავატარეთ. ეს უკვე იყო დე ფაქტო გაყინული კონფლიქტი“, – დასძინა კულებამ.