უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა - ომის 198-ე დღე

„მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისიდან, უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს“, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ტრადიციულ, საღამოს ვიდეომიმართვაში გააკეთა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 8 სექტემბერს კიდევ ერთხელ ჩაატარა ძალოვანი მინისტრების თათბირი. მისი თქმით, უკრაინელი სამხედრო მეთაურები განაგრძობენ მუშაობას, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და თავდაცვის მთელი სექტორი უზრუნველყოფილი იყოს საჭირო რესურსითა და მასალით, ასევე პოლიტიკური, საინფორმაციო და დიპლომატიური საშუალებებით, რათა ეფექტურად დაიცვან უკრაინა და გააძევონ ოკუპანტები.