უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ

უკრაინა მზად არის, წავიდეს ნეიტრალიტეტზე და არაბირთვულ სტატუსზე, ეს არის ყველაზე მთავარი პუნქტი, ეს იყო პირველი პრინციპული პუნქტი რუსეთისთვის, რამდენადაც მახსოვს და როგორც მახსოვს, რუსეთმა ომი სწორედ ამიტომ დაიწყო, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიასაშუალებებთან საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნეიტრალურ და არაბირთვულ სტატუსთან მიმართებით, კიევის დათმობაზე წასვლა არ უნდა იყოს ბუდაპეშტის მემორანდუმის კიდევ ერთი ფურცელი. უკრაინას შეუძლია, რეფერენდუმზე მიიღოს გადაწყვეტილება ნეიტრალურ სტატუსზე, მაგრამ კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე განმარტებით, რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.