უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
მმართველ გუნდში უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განცხადებას, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას, აბსურდულს უწოდებენ. მათ შორის მოხსენიებულია საქართველოც. „ქართული ოცნების“ დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ არის მკაფიო, რის გამოც კითხვები ჩნდება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ბელორუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, მოსკოვი გეგმავს, მოაწყოს იმ სპეციალური ნაწილების წარმოება, რომელიც რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის არის აუცილებელი.
ასევე, დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.