უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებები - მხარეთა შეფასებები

თურქეთში, გუშინ პირისპირ გამართული მოლაპარაკება გარდამტეხი არ აღმოჩნდა, თუმცა ცალკეულ საკითხებზე პროგრესს ორივე მხარე ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ნეიტრალიტეტს, უბლოკო სტატუსის მინიჭებას და მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის განთავსებაზე უარს ითხოვს, სახელდება სხვა პირობებიც. თავის მხრივ ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოითხოვს კიევი. ევროპის რამდენიმე ქვეყანა მზადაა, რომ უსაფრთხოების გარანტორის ფუნქცია იტვირთოს. საკუთარი მოთხოვნები უკრაინულმა მხარემ სტამბოლში წერილობით ჩაიტანა. კიევს კონკრეტული მოთხოვნები აქვს ყირიმთან დაკავშირებითაც. ფრთხილი და სკეპტიკურია დასავლეთის პოზიცია. აშშ და ევროპის ქვეყნები ახლა რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს ელოდებიან. მოლაპარაკების პროცესის მიუხედავად, ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას და ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

დღეს ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.