უკრაინაში შეტაკებებს ხუთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბახმუტში იბრძოდნენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო აცხადებს,რომ შესაბამის სამსახურებთან კონტაქტზე არიან, თუმცა ინტენსიური ბრძოლების გამო, ტერიტორიიდან ცხედრების გამოყვანა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. 8 დეკემბერს ჩამოასვენებენ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ჯაბა ხოფერიას. დაღუპულების უმრავლესობა გამოცდილი მეომარი იყო და ისინი აფხაზეთის ომშიც იბრძოდნენ. ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. „ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.

24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს 33 მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

მოამბე