უკრაინაში რუსული ძალების იერიში გრძელდება. გარკვეული წინსვლა აქვთ უკრაინელ სამხედროებს. ოკუპირებულ მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუს ოკუპანტებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ. ინფორმაციას მელიტოპოლის მერია ავრცელებს. „უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან“, – აღნიშნავს მელიტოპოლის მერი. რუსული წყაროების ინფორმაციით, ხიდის აფეთქების უკან უკრაინის ძალები დგანან. პარალელურად, რუსეთი განაგრძობს იერიშებს უკრაინის დასახლებებზე. გასული დღე-ღამის განმავლობაში, სუმის ოლქზე 38 დარტყმა განხორციელდა, ოკუპანტებმა გამოიყენეს გრადის ტიპის სისტემები. ერთი ქალი ემსხვერპლა რუსეთის ძალების მიერ ხერსონის დაბომბვას. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიაზე ნახევარ მილიონამდე ნაღმი გააუვნებელყო. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მორიგი მასირებული სარაკეტო იერიშისთვის ემზადება.