უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა – უკრაინულმა მხარემ 116 პირი დაიბრუნა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, ხერსონელი პარტიზანები, სნაიპერები ბახმუტის მიმართულებიდან და უკრაინის სხვა გმირები. ამას გარდა, უკრაინას გადასცეს დაღუპული ბრიტანელი მოხალისეების – კრისტოფერ მეტიუ პერდისა და ენდრიუ ტობიას მეთიუს ცხედრები. არსებული ინფორმაციით, ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ. რუსული მხარის ინფორმაციით, გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა. რუსეთს უკრაინამ 63 სამხედრო ტყვე გადასცა.