უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება შეძლო

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს. ამის მიუხედავად, უკრაინისთვის გასული ღამე საკმაოდ რთული გამოდგა. რუსულმა ძალებმა ხარკოვი „ეს-300“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რომელიც ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა განადგურებულია ინფრასტრუქტურა. დაიბომბა ზაპოროჟიეც, რომლის ერთ-ერთი რაიონიც ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაშავებულია ერთი ადამიანი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საოკუპაციო ძალებთან ხუთ მიმართულებაზე, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთმა უკრაინას დარტყმები მიაყენა ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონებით, ფრთოსანი და საზენიტო რაკეტებით. ასევე განახორციელა 40-მდე საავიაციო დარტყმა. მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ახლა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზეა მობილიზებული.