უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია სულ მცირე 23 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის არმიის ოპერატიული სარდლობის პრესატაშე იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მიკოლაევში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ეს-300“-დან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ოთხი რაკეტა ადგილობრივი დროით, ღამის პირველი საათისთვის ჩამოვარდა. ერთი რაკეტა მაღალსართულიან შენობას მოხვდა, მეორემ კი კერძო სახლი გაანადგურა, დანარჩენ ორ რაკეტაზე ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ცნობილი. ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით კი, რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში, 80-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს. მათ შორის 70-მდე საარტილერიო, 7 საავიაციო დარტყმა, ასევე 5 დრონით თავდასხმა და ორჯერ ცეცხლი გახსნეს რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან.შედეგად, რეგიონში ორი ადამიანი დაიღუპა. რაკეტებმა გულიაიპოლეს რაიონში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.