თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დეპორტაციის მოლოდინშია. 24 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქ იზმირში ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით აიყვანეს, ამ დროისთვის საემიგრაციო ცენტრშია გადაყვანილი. თურქული მედიის ინფორმაციით, მასთან ერთად დეპორტაციის გადაწყვეტილებას, ამავე საქმეზე აყვანილი სირიის ცხრა მოქალაქეც ელოდება. თურქული მედია წერს, რომ სპეცოპერაციის დროს, ჩხრეკის შედეგად, უკანონო იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა და სხვადასხვა დოკუმენტები ამოიღეს.
ტელეკომპანია „ნერგის ტივის“ ჟურნალისტი პირველ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეს კავშირი ჰქონდა იმ პირთან, რომელიც 2017 წელს თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას აიყვანეს. საუბარია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე. საგარეო უწყება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დროისთვის თურქული მხარიდან ოფიციალურ ცნობებს ელოდება.