თურქეთმა გაასაჯაროვა მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ითხოვს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის. მედიის ცნობით, პირველი პუნქტი არის „კონკრეტული გარანტიები“ შვედეთისგან, რომ სტოკჰოლმი შეწყვეტს „ქურთ მუშათა პარტიისა“ და ასევე ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებასა და მხარდაჭერას. ორივე ამ ორგანიზაციას ანკარა „ტერორისტულ დაჯგუფებად“ აღიარებს. თურქეთი ამტკიცებს, რომ შვედეთი „ქურთ მუშათა პარტიას“ შეიარაღებით ამარაგებს, მათ შორის დრონებითა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით. ასევე, ანკარა ითხოვს, რომ შვედეთმა გააუქმოს თურქეთისთვის 2019 წელს დაწესებული ემბარგო შეიარაღების ექსპორტზე. თურქეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ბოლო პუნქტი არის – „ტერორიზმთან ბრძოლისთვის გლობალური თანამშრომლობა“.