ტრამპის გეგმა

როგორი იქნება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პოლიტიკა უკრაინის მიმართ – ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელთა“ კანდიდატის გამარჯვებამ ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე დისკუსია გაააქტიურა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულება იყო. კონკრეტული გეგმა არ ცხადდება. ამერიკული მედია წერს, რომ არჩეული პრეზიდენტის მოკავშირეები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინაში ომის გაყინვა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესის სულ მცირე 20 წლით შეჩერება. მედიის ინფორმაციით, უკრაინის ომის თემაზე ტრამპი ევროპელ ლიდერებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. ახალი პრეზიდენტის გეგმის მოლოდინს თან ერთვის ზელენსკის გამაფრთხილებელი გზავნილი. უკრაინის პირველი პირი პუტინთან დათმობაზე წასვლას ევროპისთვის თვითმკვლელობის ტოლფასად მიიჩნევს. ევროპელი პოლიტიკოსები კი უკვე განიხილავენ შესაძლებლობას, რომ კიევის მხარდაჭერა ტრამპის გარეშე გააგრძელონ, თუმცა ევროპაში ერთიანი პოზიცია არც ამ საკითხზეა.