„ტორპედომ“ წაუგებელი სერია შეწყვიტა – ქუთაისის „ტორპედოს“ 27-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც 8 თვის წინ დაიწყო, თბილისის „ლოკომოტივმა“ შეაჩერა. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-3 ტური ამ დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“ გაიმართა. მასპინძლები ფავორიტად ითვლებოდნენ, მაგრამ ქულაც ვერ მოიპოვეს.
74-ე წუთზე ლოკომოტივის გათამაშებული შეტევის შემდეგ, ანგარიში თემურ შონიამ გახსნა, დამატებულ დროში კი ლუკა კიკაბიძემ ქუთაისელთა კარი მეორედ აიღო და საბოლოოდ, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 0:2.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დანარჩენი სამი შეხვედრა კვირასა და ორშაბათს გაიმართება. 11 მარტს, „ვიტ ჯორჯიასა“ და „ჩიხურას“ მატჩს 19:00 საათზე მეორე არხი შემოგთავაზებთ.