გრიფით საიდუმლო საქმის მიმართ ინტერესი მძაფრდება – ფართოვდება იმ ადამიანების წრე, რომლებსაც მძიმე მუხლებით აღძრულ საქმეზე მოწმის სტატუსით ჰკითხავენ. დღეს სუს-ში იმყოფებოდნენ ალი ხანგოშვილი და გიორგი კუშტანაშვილი. ტერორიზმის მომზადებისა და სახელმწიფო შეთქმულების მუხლებით მიმდინარე საქმეზე დაკითხული მოწმეები გაუთქმელობაზე აწერენ ხელს, შესაბამისად, მედიასთან ყველა მათგანი დუმს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ძიების საგანია უკრაინაში მცხოვრები ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტები.
გამოკითხულია 15-მდე ადამიანი, მათ შორის არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები. ბრალდებულის სტატუსი ჯერ არავის აქვს. როგორც ირკვევა, ძიება 8 მაისს არის დაწყებული, მაშინ, როცა თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. სწორედ ამ დღეს გაავრცელა სუს-მა განცხადება უკრაინაში მებრძოლი ქართველების მონაწილეობით პროვოკაციებისა და სახელმწიფო შეთქმულების მოწყობის საფრთხეზე.