სტრასბურგის სასამართლოს უარი მიხეილ სააკაშვილს

სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან, პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემდეგ, ხელისუფლება სააკაშვილს ექიმების რეკომენდაციების შესრულებისა და საჭირო საკვები კალორაჟის მიღებისკენ მოუწოდებს. იუსტიციის მინისტრის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.

უარის მიუხედავად, ექსპრეზიდენტის გარემოცვა სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს. სააკაშვილის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილობრივმა სასამართლო ინსტანციებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებისა და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის სარჩელი არ დააკმაყოფილა.