სამართალდამცველებმა სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი, 85 წლის ბრალდებულის შვილიშვილი დააკავეს და კიდევ ერთის – ბრალდებულის შვილის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულის, ომარ გამყრელიძის შვილიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების მუხლით აიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, ბრალდებულის შვილს, რაზეც, უწყების ცნობით, სოფელ ყანდაურაში მცხოვრებთა ნაწილს გაუჩდა კითხვები, რომ ის შესაძლოა, ამ საქმესთან შემხებლობაში იყოს, გამოძიება განმარტავს, რომ ყველა მიმართულებით მუშაობს. ამ პირის მიმართ კი მოწმეები ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულის შვილმა ტრაგედიამდე ორი დღით ადრე ოჯახს უთხრა, რომ რუსეთში მიდიოდა, თუმცა, ოფიციალური ცნობებით, მას საზღვარი არ გადაუკვეთავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ 3 მაისს სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით მოხდა და ამ დროისთვის შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მხოლოდ ერთი. მეზობლები კი მათ ჩვენებებში ჰყვებიან, რომ ბრალდებულმა ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა საკუთარ მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.