სხვისი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
მთავარმა პროკურატურამ შსს-ს გენინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ის მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ გამოიყენებდა ხელმძღვანელ პირებთან ნაცნობობას და საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოიყვანდა ავტომობილს, რომელიც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად იყო ამოღებული.
პროკურატურის ინფორმაციით, თითქოსდა ამ თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად, პატრულ-ინსპექტორი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 6400 დოლარსა და 4000 ლარს. საგამოძიებო უწყება დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.