დილიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის შტურმი განაახლეს. გერმანულ მედიასთან საუბარში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე გამაგრებული უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურს 9 მაისისთვის ლეგიონ „აზოვის“ რამდენიმე წევრი ტყვედ აიყვანოს და აღლუმზე გალიებში წარადგინოს. მათივე თქმით, 4 დღის განმავლობაში მიმდინარე შტურმის შედეგად დაიღუპა რამდენიმე მებრძოლი, თუმცა მარიუპოლის დამცველები წინააღმდეგობას განაგრძობენ. „აზოვსტალში“ მყოფმა ერთ-ერთმა მედიკოსმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც დახმარებას თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს სთხოვს. თავის მხრივ კრემლში აცხადებენ, რომ მზად არიან „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეებს გზა გაუხსნან, თუმცა იქ მყოფმა სამხედროებმა იარაღი უნდა დაყარონ. დღეს მარიუპოლიდან კიდევ ერთხელ იგეგმება ევაკუაცია. როგორც გაერო-ში აცხადებენ, მზადება უკვე დაწყებულია. უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ხალხის გამოყვანა ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება. გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან და მათ შორის „აზოვსტალდან“ კიდევ 500 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.