შსს "მარიხუანას ფესტივალის" გამართვასთან დაკავშირებით "გირჩის" განცხადებას პასუხობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” განცხადებას პასუხობს. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებასა და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.
შესაბამისად, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს – ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია.
სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული განცხადებებისგან.