შსს ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამი პირის დაკავებას ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მხოლოდ სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებს. ადვოკატების ინფორმაციით კი, წინასწარი დაკავების იზოლატორში სულ 17-მდე პირია გადაყვანილი, რომელთაგან სამს უკვე დაკავებულის სტატუსი აქვს, 14 კი გამოკითხვაზე იმყოფება. მათ გამოძიება, სავარაუდოდ, ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება.
ადვოკატების ინფორმაციით, მათ საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი სამართალდამცველებს არ ამოუღიათ. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ამ წუთებში ხვდებიან. სპეცოპერაცია დღეს ფოთში გამთენიისას ჩატარდა.
„მოამბის“ ინფორმაციით, ფოთში დაკავებულ პირებს გამოძიება 223-ე პრიმა მუხლით ედავება, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულთაგან რამდენიმე პირი თურქეთში მყოფ ეგრეთწოდებულ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდა, მათ შორის მინდია ლავასოღლის, ჯუმბერ და სტავრო ბაირამიდებს. ისინი კრიმინალური ლიდერების მითითებით, დაშინებითა და მუქარით საქმეებს არჩევდნენ და ქურდული წესების შესაბამისად, ეგრეთწოდებულ „ობშიაკს” აგროვებდნენ. ახლობლების ინფორმაციით, დაკავებული პირების ნაწილი დროებით უმუშევარი იყო და ქურდულ სამყაროსთან კონტაქტი არ ჰქონიათ.