რატომ არ იყო სამართალდამცველთა სრული მობილიზება 5 ივლისს და რატომ ვერ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მედიის წინააღმდეგ ძალადობა თავიდან აეცილებინა – ეს ის კითხვებია, რაზეც ვახტანგ გომელაურს პასუხის გაცემა მოუწევს. ხუთი ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ისაუბრებს, სადაც მოსმენა სასესიო ფორმატში იგეგმება.
უცნობია, დაესწრება თუ არა მოსმენას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. პარლამენტში მისვლას აპირებს ასევე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია „ლელო“. ოპოზიციის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ვახტანგ გომელაურის გადადგომაა, მასთან შეკითხვები მაინც აქვთ.