კიდევ ერთი ბრალდებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე. დაკავებულთა რიცხვი 18-მდე იზრდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების განთავსებაზე პასუხისმგებლობას სომხეთის ციხეში მყოფი პატიმარი იღებს. „ფეისბუქში“ ბუბა ლომთათიძის სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი წერს, რომ მან ატვირთა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
უწყებაში განმარტავენ, რომ ფარული ჩანაწერის გავრცელებისთანავე, გამოძიებამ დაადგინა ამტვირთავის ვინაობაც და ადგილსამყოფელიც. გამოძიების ინფორმაციით, ბუბა ლომთათიძის სარეგისტრაციო სახელით საქართველოს მოქალაქე დ.ი. სარგებლობდა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.
საქართველოს ტერიტორია აღნიშნულმა პირმა მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.