შემთხვევა სამტრედიის ქუჩაზე

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ასაკოვანი ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში გარდაცვლილის გარდა, კიდევ სამი ქალი დახვდათ, მათგან ორი უგონო მდგომარეობაში იყო.

ამასთან, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილის დისშვილს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის ერთადერთია, ვინც სახლში შესულ მაშველებს კონტაქტური დახვდა. სამივე ქალი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი კი, პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

საავადმყოფოში გადაყვანილი ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ექიმი ამბობს, ის კონტაქტურია, თუმცა შოკურ მდგომაროებაში იმყოფება. მეორე ქალიც კონტაქტურია, თუმცა არ საუბრობს. რაც შეეხება მესამე ქალს, ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.