საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ იმყოფებოდა, სადაც ამ მიმართულებით კლინიკაში არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო. პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს.
მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ექიმებთან და ხელმძღვანელთან ერთად განიხილა ნერვკუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული შესაძლებლობები. მინისტრის განცხადებით, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.