შარლ მიშელი რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარის გაღებას მხარს უჭერს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო, საფრთხე ემუქრება. „რუსეთში ხალხი თუ საფრთხეშია, რადგან მათ არ სურთ დაემორჩილონ კრემლის შეშლილ იდეას, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეების მიღების საკითხს ორშაბათს განიხილავენ. ამასთან, შარლ მიშელი თვლის, რომ რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს. მიშელმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პუტინის გამო, მილიონობით ბავშვი და ქალი იტანჯება, გაუმართლებლად წამოწყებულ ომს კი მიშელის თქმით, საბჭოს წევრობის შეჩერება ავტომატურად უნდა მოჰყვეს.