სემ ჰიუსტონი - მამაცი მეომარი, უშიშარი მოღვაწე
სემ ჰიუსტონი - მამაცი მეომარი, უშიშარი მოღვაწე

ამერიკა ერთადერთი ადგილია დედამიწის ზურგზე, სადაც ეს ბიოგრაფია შეიძლება შემდგარიყო, მაგრამ გეოგრაფია საკმარისი არ არის. კიდევ ერთი განზომილება – დროა. მეცხრამეტე საუკუნის ამერიკა. არსად სხვაგან და არცერთ სხვა დროს ის ამბავი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, ვერ მოხდებოდა. არადა უბრალოდ ერთი კაცის ცხოვრებაა. თითიდან გამოწოვილი, ხელოვნურად შეკოწიწებული, არარეალური – ყველაფერი შეეფერება,  სიმართლე რომ არ იყოს.

ამერიკაში სამ ქალაქს ქვია ჰიუსტონი – ტეხასის შტატის უდიდეს ქალაქს, ერთი ქალაქი მისისიპის შტატშია, ერთიც მინესოტაში. არსებობს სემ ჰიუსტონის ჰაივეი, ნაციონალური პარკი, წყალქვეშა ნავი, ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტი, სკოლები და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ. მონუმენტებზე და ქანდაკებებზე ხომ ლაპარაკი აღარ არის.

ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, ჯარისკაცი. კაცი, რომელმაც არ ისურვა სამოქალაქო ომში არც ერთ მხარეს მონაწილეობა და ტეხასის გუბერნატორობიდან გადადგა – ხელს ვერ მოვაწერ ტეხასელი ბიჭების სიკვდილსო.

ძალაუნებურად სულ ქართველი პოლიტიკოსები მახსენდება სინანულით. უახლესი ისტორიის, რასაკვირველია, ბოლო ოცწლეულის, თორემ აბა, ადრე ცოტნე დადიანიც გვყავდა და დემეტრე თავდადებულიც. მაგრამ ისევ ჰიუსტონს მივუბრუნდეთ, მის საოცარ სათავგადასავლო ბიოგრაფიას და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

დაიბადა 1793 წლის 2 მარტს, ვირჯინიის შტატში. მამა – მაიორი სემუელ ჰიუსტონი, ამერიკის რევოლუციის მონაწილე, დედა ელისაბედ პაქსტონი. წინაპრები შოტლანდიელ ირლანდიელები. სემი მეხუთე იყო ცხრა შვილს შორის.

სემ ჰიუსტონი ათი წლის იყო მამა რომ გარდაეცვალა. თექვსმეტისა კი სახლიდან გაიქცა, რადგან უფროსი ძმის მაღაზიაში კლერკობა ვერ იგუა. გაიქცა და დაიწყო თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.

ჰიუსტონი ინდიელებმა შეიფარეს, ჩეროკის ტომმა, ჰაივასეეს კუნძულზე, სადაც ჰაივასეეს მდინარე იწყება, ტენესის შტატში. მაშინ ჩეროკის ტომს დიდი ბელადი ოოლოოტეკა მართავდა, ამერიკელები მას ჯონ ჯოლის ეძახდნენ. ხოდა ეს გემრიელი კაცი, ჯონ ჯოლი, გახდა ჰიუსტონის აღმზრდელი მამობილი. რამდენიმე წელი იცხოვრა ჰიუსტონმა ინდიელებთან, გაითავისა მათი ადათი, ენა, ბევრი რამ ისწავლა.

1812 წელს ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში, სამხედრო ბანაკს შეუერთდა, ჯარისკაცი გახდა და იმავე წლის დეკემბერში ლეიტენანტობა მიიღო. გამწარებით ებრძოდა ბრიტანელებს. 1814 წელს ბრძოლაში დაიჭრა, ჭრილობები გადაიხვია და იქვე დარჩა, ისევ ჩაება შეტაკებაში. კიდევ ორჯერ დაჭრეს და მხოლოდ ამის მერე გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. რამდენიმე სერიოზული ოპერაციის მერე ძლივს დააყენეს ფეხზე.

ჰიუსტონი პრეზიდენტ ჯექსონს დაუახლოვდა და 1817 წელს მისგან თანამდებობაც მიიღო. მაგრამ ჩინოვნიკობა დიდხანს ვერ იგუა. მაშინდელ სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კალჰოუნთან უთანხმოება მოუვიდა. ჰიუსტონი მთავრობის შეხვედრებზე ჩეროკების ტანსაცმლით დადიოდა, კალჰოუნის საყვედურები არ მოითმინა და გადადგა.

როგორი ხასიათი აქვს ბიჭს?

ჰიუსტონმა იურისტობა ისწავლა, საატესტაციო გამოცდა ჩააბარა, ადვოკატის სტატუსი მიიღო. ეს კაცი დასაკარგი არ არისო და ნეშვილის დისტრიქტის პროკურორად დანიშნეს, ბარემ სახელმწიფო მილიციის რაზმების მეთაურობაც დაავალეს.

1822 წელს ჰიუსტონი ამერიკის კონგრესში აირჩიეს, 1824 წელს ხელმეორედ აირჩიეს. 1827 წელს კონგრესის არჩევნებზე უარი თქვა, ტენესის შტატის გუბერნატორობა მოინდომა და ეს არჩევნებიც მოიგო.

ამასობაში დაოჯახდა, 19 წლის ელიზა ალენი მოიყვანა ცოლად და თავს ბედნიერ კაცად თვლიდა. ბედნიერება არ შედგა, ახალგაზრდა გოგოს სხვა კაცი ყვარებია. ჰიუსტონმა პატარძალი მამას დაუბრუნა. ცნობილია ძალიან საინტერესო წერილი, რომელიც თავის სიმამრს მისწერა, იქ ჩანს, როგორ უფრთხილდება ოჯახის სახელს. ჭორების მოსაკეტად კი გააბაზრა, მისის ჰიუსტონზე თუ ვინმემ ავი რამე სთქვას, გული გაუპოს დანამაო…

თავის სიამაყე კი ვერ მოთოკა, ამ ამბის გამო გუბერნატორობის გაგრძელება აღარ იკადრა და გადადგა.

ამ დროს სემ ჰიუსტონი 35 წლის არის, რამდენი მოუსწრიაო, იტყვით, მაგრამ ჯერ სად ხართ, ახლა იწყება თუ იწყება.

ოჯახის დარდიც ნუ გექნებათ, კიდევ ორჯერ მოასწრებს დაქორწინებას და რვა შვილიც ეყოლება. ასე რომ, ყველაფერი წესრიგშია.

გულის გადასაყოლებლად კი თავი დადადო და ისევ ჩეროკების ტომს დაუბრუნდა, თქვენთან მირჩევნიაო. მაგრად გამოადგა ტომს, დიდი ამაგი დაიდო, ჩეროკიმაც დაუფასა, პატივისცემა დაიმსახურა, „ყორანს“ ეძახდნენ.

1830 და 1832 წელს ორჯერ ჩავიდა ვაშინგტონში ჩეროკის ტომის ინტერესების დასაცავად. უსიამოვნებაშიც გაეხვა. ოჰაიოს კონგრესმენმა უილიამ სტენბერიმ შარი მოსდო და კონგრესში გამოსვლისას შეურაცხმყოფელად მოიხსენია. ჰიუსტონმა წერილობით მოსთხოვა პასუხი, კონგრესმენმა პასუხის ღირსად არ ჩათვალა.

ჰიუსტონი პენსილვანია ავენიუზე დაუხვდა კონგრესმენს, იმან იარაღი სცადა, მაგრამ დამბაჩამ უმტყუნა.  სულ ხელჯოხით მიტყიპა კონგრესის წევრი ჰიუსტონმა.

ხელშეუხებელი დეპუტატის ცემა დანაშაული იყო. ჰიუსტონი დაიჭირეს და სასამართლო შედგა. გაამტყუნეს, მაგრამ ციხეში არ ჩასვეს. 500 დოლარის გადახდა დააკისრეს.

ჰიუსტონმა ფული არ გადაიხადა და მექსიკაში გაარიდა თავი. მაშინ ტეხასი მექსიკა იყო. რას მოისვენებდა ახალ ადგილას. იმთავითვე თავით გადაეშვა ტეხასის ამბებში, პოლიტიკაში, გაწამაწიაში. სწორედაც კარგი დრო იყო. ტეხასი დამოუკიდებლობისთვის ემზადებოდა.

1835 წელს ტეხასმა გენერალ-მაიორობა მისცა. აღმოსავლეთ ტეხასში ჩეროკები ცხოვრობდნენ. ჰიუსტონმა, თითქოს ღმერთმა გამოუგზავნაო, აქაც უქომაგა ჩეროკებს, მოლაპარაკებებს გაუძღვა და ინდიელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო.

1836 წლის 2 მარტს, თავის 43-ე დაბადების დღეზე, უკვე ავტორიტეტულმა გენერალმა ჰიუსტონმა ტეხასის დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი კრების სხვა წევრებთან ერთად.

მექსიკა გაშმაგებით ებრძოდა სეპარატისტებს. პრეზიდენტი, გენერალი სანტა ანა მოიწევდა თავისი სადამსჯელო არმიით და ქვას ქვაზე არ ტოვებდა. სამაგალითოთ სჯიდა ყველას, ვინც კი გზაზე დაუხვდა. დაფეთებული მოსახლეობა გარბოდა. ალამოსთან შეფერხდა სანტა ანა. ორასკაციანი გარნიზონი თერთმეტი დღე უმკლავდებოდა მრავალათასიან არმიას. ალამოც მიწასთან გაასწორა. ტეხასის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა.

გენერალი ჰიუსტონი უკან იხევდა და ჯარს აგროვებდა. მოხალისეებს აგროვებდა.

სან ჰასინტოსთან დაეჯახა სანტა ანას. მექსიკის პრეზიდენტი ეტყობა, მოდუნდა, თავის უძლეველობა ირწმუნა და… მექსიკის რეგულარულმა არმიამ გამწარებული ტეხასელების ელვისებურ შეტევას ვერ გაუძლო და გაიქცა. სანტა ანა დაატყვევეს და კიდევ ერთხელ დაჭრილ სემ ჰიუსტონს მიგვარეს. სულ ცემა-ცემით მოაწერინეს ხელი ტეხასის დამოუკიდებლობის აღიარებას.

1836 წელს ძმებმა ალენებმა წამოიწყეს ქალაქის მშენებლობა, რომელსაც ჰიუსტონი დაარქვეს.

1836 წელს სემ ჰიუსტონი აირჩიეს დამოუკიდებელი ტეხასის პრეზიდენტად ორი წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღარ უცდია ხელმეორედ გაპრეზიდენტება. სამაგიეროდ, ტეხასის მასონების დიდი ლოჟა ჩამოყალიბდა და ამ ლოჟის ლიდერი სემ ჰიუსტონი იყო.

1841 წელს ხელახლა გავიდა ტეხასი პრეზიდენტის არჩევნებზე და ისევ იმარჯვა. 1844 წლამდე იპრეზიდენტა. სხვას გადაულოცა.

1845 წელს დამთავრდა ტეხასის დამოუკიდებლობა. ორი მხრივ წნეხში მოყოლილებმა, ვეღარ გაუძლეს და ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაერთიანება გადაწყვიტეს. ამ წელს  ტეხასი დამოუკიდებელი შტატად იქცა.

1845 წელს ჰიუსტონი ამერიკის სენატის წევრი გახდა. ამ დროიდან მოყოლებელი დაუოკებელი მეომარი სულ კომპრომისის, მშვიდობის დამყარების და მხარეების დაშოშმინების ცდაშია: „გვეყო სისხლით მორწყული მინდვრები, სულ ბრძოლა, ბრძოლა…“

1849 წელს სემ ჰიუსტონმა კიდევ ერთხელ მოიგო გუბერნატორის არჩევნები. ამჯერად ტეხასის შტატის გუბერნატორი გახდა. ამერიკის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მოასწრო ორი  შტატის გუბერნატორობა, ტენესისა და ტეხასის. დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტობაზე აღარაფერს ვამბობ.

ახლოვდებოდა სამოქალაქო ომი. ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთმანეთს დაუპირისპირდა. შეიქმნა კონფედერაცია. რაც კი რამ შეეძლო, სემ ჰიუსტონი დაუპირისპირდა სამოქალაქო ომს. თავის გამოსვლებში იწინასწარმეტყველა ყველა ის უბედურება, რომელიც მოხდებოდა. არ მოაწერა ხელი არც ერთ დოკუმენტს, რომელიც მხარეთა გახლეჩას იწვევდა.

ცნობილია მისი გამოსვლები, როგორ მოუწოდებდა ხალხს, გონს მოსულიყვნენ. აგორებულ ზვავს ვეღარ გაუმკლავდა და 1861 წელს გადადგა.

1863 წელს სემ ჰიუსტონი პნევმონიით გარდაიცვალა. თურმე ბოლომდე ლოცულობდა ტეხასისთვის.

ჰანთსვილლში, სემ ჰიუსტონის საფლავზე წერია:

  • მამაცი მეომარი, უშიშარი მოღვაწე
  • დიდი ორატორი, პატრიოტი
  • ერთგული მეგობარი, მოქალაქე
  • მეუღლე და მამა
  • ჭეშმარიტი ქრისტიანი, პატიოსანი კაცი

ესეც ტეხასელი იყო, ანუ ქართველი.