საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა გაიყიდა

თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა. მაუწყებლის კუთვნილი ქონება, ფასით 65 000 000 ლარად, აუქციონზე სარეალიზაციოდ პირველ სექტემბერს იყო გამოტანილი.

გარიგების შეთავაზება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით მოხდა, ინფორმაცია განთავსებული იყო ელექტრონულ მისამართზე. აუქციონზე გამოტანილი იყო 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე ჰქონდათ.

მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, სოსო ფხაკაძემ დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სწორედ ამ მიზეზით შეისყიდა მაუწყებლის შენობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.