სატელეფონო საუბარი უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის

უკრაინის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან გამართული სატელეფონო საუბრისას, უკრაინისთვის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიები, რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელება და მარიუპოლიდან დაჭრილი ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხები განიხილა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ერდოღანის თქმით, ანკარა მზადაა, უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესის ყველა საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის შუამავლობის სახით. აქვე მან დაამატა, რომ იგი პოზიტიურად განიხილავს საკითხს, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. თურქეთის პრეზიდენტთან კომუნიკაციის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. „მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, მის მიერ პუტინთან მოლაპარაკების წინა დღეს. მან ისაუბრა მარიუპოლიდან, კერძოდ „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების დაუყოვნებლივი ევაკუაციისა და ბლოკირებული სამხედრო პერსონალის გაცვლის აუცილებლობაზე. ჩვენ დავაყენეთ საკითხები უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებთან, ასევე გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც რისკის ქვეშ მოექცა, შავ ზღვაში გემების ბლოკირების გამო“, – წერს უკრაინის ლიდერი სოციალურ ქსელში.