თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. სახელმწიფო ბრალდება სხდომაზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულებს მოწმეებზე ზემოქმედება და მიმალვა ოთხი წლის განმავლობაში არ უცდიათ, აქედან გამომდინარე, უმკაცრესი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გამოძიება დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს ედავება. დანაშაული სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.