„ტვ პირველისა“ და „ტვ პირველის“ ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელის განხილვა 21 ნოემბრისთვის გადაიდო. 21 ნოემბერს მხარეთა პაექრობა იგეგმება და შესაძლოა მოსამართლე სათათბიროდ გავიდეს. დღევანდელი სასამართლო სხდომა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. „ტვ პირველის“ ადვოკატი სხდომის გადადებას იმ არგუმენტით ითხოვდა, რომ მომჩივანი მხარის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულება მას არ გადასცემია. მოსამართლემ ამ მტკიცებულების გაცნობა ადგილზე შესთავაზა, თუმცა, ტექნიკური პრობლემის გამო, „ტვ პირველის“ ადვოკატმა განაცხადა, რომ ვიდეომტკიცებულებას სრულყოფილად ვერ გაეცნობოდა.
მოსამართლე და კალაძის ადვოკატი პროცესის გადადების საფუძვლებს ვერ ხედავდნენ. პროცესის გადადების საკითხზე მხარეები ერთი საათის განმავლობაში კამათობდნენ. მომჩივანმა უკან გაითხოვა საკუთარი მტკიცებულება, რის შემდეგაც მხარეებს შესავალი სიტყვების თქმა მოუწიათ და მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიც დღესვე დასრულდა. „ტვ პირველის“ ადვოკატის შეფასებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის განწყობა გამოჩნდა, კალაძის ადვოკატის თქმით კი, მოპასუხემ მტკიცებულებები ვერ წარადგინა, რას ემყარებოდა მაია მამულაშვილის განცხადება.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე „ტვ პირველს“ და მაია მამულაშვილს 5 ივლისის სატელევიზიო ეთერში გავრცელებული ინფორმაციის გამო უჩივის, სადაც მამულაშვილმა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა. ადვოკატის თქმით, მამულაშვილმა ეთერში წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. კალაძე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვს.